შინაარსზე გადასვლა

პოლ-ანრი სპააკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ-ანრი სპააკი
პოლ-ანრი სპააკი
სპააკი 1957 წელს
ბელგიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 მარტი, 1947 – 11 აგვისტო, 1949
მონარქი  ლეოპოლდ III
წინამორბედიკამილ ჰიუსმანსი
მემკვიდრეგასტონ ეისკენსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 მარტი, 1946 – 31 მარტი, 1946
მონარქი  ლეოპოლდ III
წინამორბედიახილ ვან აკერი
მემკვიდრეახილ ვან აკერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მაისი, 1938 – 22 თებერვალი, 1939
მონარქი  ლეოპოლდ III
წინამორბედიპოლ-ემილ ჟანსონი
მემკვიდრეიუბერ პერლო

ნატოს გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი, 1957 – 21 აპრილი, 1961
წინამორბედიჰასტინგს ისმაი
მემკვიდრედირკ სტიკერი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 სექტემბერი, 1952 – 11 მაისი, 1954
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეალჩიდე დე გასპერი

დაბადებული25 იანვარი, 1899
სხარბეკი, ბელგია
გარდაცვლილი31 ივლისი, 1972 (73 წლის)
ბრენ-ლ’ალიო, ბელგია
პოლიტიკური პარტიაბელგიის მუშათა პარტია,
ბელგიის სოციალისტური პარტია
მამაპოლ სპააკი
დედამარი ჟანსონი
მეუღლემარგარიტე მალევესი (1921-1965),
სიმონე დირი (1965-1972)
შვილები3
განათლებაბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი
ხელმოწერა

პოლ-ანრი სპააკი (დ. 25 იანვარი, 1899 — გ. 31 ივლისი, 1972) — გავლენიანი ბელგიელი სოციალისტი პოლიტიკოსი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც სამჯერ იკავებდა ბელგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მოგვიანებით კი ნატოს მეორე გენერალური მდივანი გახდა. მეტსახელად „ბატონი ევროპა“, იგი რობერ შუმანთან, ალჩიდე დე გასპერისთან და კონრად ადენაუერთან ერთად ლიდერობდა იმ ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომლებიც მოგვიანებით დღევანდელ ევროკავშირად გარდაიქმნა.

გავლენიანი სპააკების ოჯახის წევრი, იგი ხანმოკლე დროით მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, სანამ ტყვედ ჩავარდებოდა. ომის შემდეგ კი სახელი გაითქვა, როგორც ჩოგბურთელმა და იურისტმა — ცნობილი გახდა 1929 წელს იტალიის ტახტის მემკვიდრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იტალიელი სტუდენტის ხმაურიანი დაცვით. სოციალისტი სპააკი პოლიტიკაში 1932 წელს, ბელგიის მუშათა პარტიიდან (მოგვიანებით ბელგიის სოციალისტური პარტია) შევიდა და პირველი მინისტრის პორტფელი 1935 წელს, პოლ ვან ზელანდის მთავრობაში მიიღო.

1938 წელს იგი პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა 1939 წლამდე ეჭირა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა იუბერ პიერლოს ლონდონში დევნილობაში მყოფ ბელგიის მთავრობაში, სადაც ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის მთავრობებთან ბენილუქსის საბაჟო კავშირის დაარსებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ომის შემდეგ მან ორჯერ დაიბრუნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა: პირველად 1946 წლის მარტში, ერთ თვეზე ნაკლები ვადით, ხოლო მეორედ — 1947–1949 წლებში. იგი 1966 წლამდე ბელგიის სხვადასხვა მინისტრის პორტფელს იკავებდა. 1939-დან 1966 წლამდე პერიოდში იგი 18 წლის განმავლობაში იყო ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სპააკი, მულტილატერალიზმის დარწმუნებული მხარდამჭერი, საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი გახდა საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით, რომელშიც იმედოვნებდა ბელგიისა და ნატოს გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების, მათ შორის საბჭოთა კავშირისა და მისი სატელიტი სახელმწიფოების ჩართვას.[1] 1945 წელს იგი აირჩიეს ახლად შექმნილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პირველი სესიის თავმჯდომარედ.

1949–1950 წლებში იგი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის პირველი პრეზიდენტი იყო, ხოლო 1952–1954 წლებში გახდა ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების (ECSC) საერთო ასამბლეის (რომელიც მოგვიანებით ევროპის პარლამენტად გარდაიქმნა) პირველი პრეზიდენტი. 1955 წელს იგი დაინიშნა ე. წ. „სპააკის კომიტეტში“, რომელიც ევროპაში საერთო ბაზრის შექმნის შესაძლებლობას სწავლობდა და გავლენიანი როლი ითამაშა 1957 წლის რომის ხელშეკრულების მომზადებაში, რომლითაც ევროპის ეკონომიკური გაერთიანება (EEC) დაარსდა. იმავე წელს მან კარლოს დიდის პრემია მიიღო. 1957-დან 1961 წლამდე იგი ნატოს მეორე გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა. 2009 წელს ანდერს ფოგ რასმუსენის არჩევამდე იგი ერთადერთ გენერალურ მდივნად რჩებოდა, რომელსაც მანამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

1966 წელს ბელგიის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სპააკი 1972 წელს გარდაიცვალა. იგი ევროპულ პოლიტიკაში კვლავ გავლენიან ფიგურად რჩება და მის სახელს ატარებს საქველმოქმედო ფონდი, ქუჩები და ნაგებობები (მათ შორის ევროპის პარლამენტის ერთ-ერთი შენობა) და მოლაპარაკების მეთოდი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Dujardin, Vincent (5 March 2007). „Go-Between: Belgium and Détente, 1961–73“. Cold War History. 7 (1): 95–116. doi:10.1080/14682740701197706. S2CID 154524419. ციტირების თარიღი: 13 February 2023.